მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ კოვიდ 19-ის გავრცლების გამო შემოღებული ახალი შეზღუდვების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ეს ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო პირველ ოქტომბერს, პირველ ნოემბრამდე გადაიდება.
„დღეიდან 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, ღია ცის ქვეშ. დახურულ შენობებში, დღეის მდგომარეობით, ისედაც აკრძალულია. კიდევ ერთხელ ვამბობ – ღია ცის ქვეშ იკრძალება 200 ადამიანზე მეტი. რიტუალური ღონისძიებები – სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ
პრემიერის მინისტრის თქმით, ასევე იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც.
„დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 10 სექტემბერს, დაგეგმილ მთავრობის სხდომას ჟურნალისტები არ დაესწრებიან. ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას ზოგიერთ მედიასაშუალებაში ინფექციის შესაძლო არსებობით ხსნის.
“გაცნობებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური. გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა მედიასაშუალებებს ოპერატიულად მიეწოდებათ,” – წერია განცხადებაში, რომელიც მთავრობის პრესსამსახურმა მედიასაშუალებებს გაუგზავნა.