საგზაო სამუშაოების გამო გადაადგილება ხელვაჩაურშიც შეზღუდულია

პუბლიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ასახულია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, საავტომობილო გზაზე სამუშაოების გამო, მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა და გადაიტვირთა, თუმცა ამ ეტაპზე შედარებით განტვირთულია.

„გზის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს რამდენიმე დღეა, დაახლოებით ათი დღეა. შეფერხება არის, მაგრამ 2-დან 4 საათამდე ძალიან გადატვირთული იყო, ახლა შედარებით განიტვირთა, მანქანები მოძრაობენ, მაგრამ ნელა. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს“, – განუცხადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა „პუბლიკას“.

საიას ყოფილი თავმჯდომარე სულხან სალაძე Facebook-ში წერს, რომ თვეების განმავლობაში აღნიშნული გზის მონაკვეთი პრობლემურია, თუმცა გზის შესაკეთებლად დღეს დაიწყეს მუშაობა.

„ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე, „მახოს ხიდიდან“, სოფელ ერგემდე არის საცობი. თურმე, გზა კეთდება და ეს არის საცობის მიზეზი, თუმცა არაერთი თვეა უკვე, გზის ეს მონაკვეთი პრობლემურია და მაინცდამაინც დღეს გამოეფინენ სამუშაოდ. ეს ხდება 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, როცა უამრავი ქედელი, შეახეველი და ხულოელი, ვინც ბათუმში მუშაობს ან საქმეზე იყო წასული, უკან ბრუნდება, რომ ხმა მისცეს არჩევნებზე“, – წერს სულხან სალაძე.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ გადაადგილება შეფერხებულია ხუნევში, რიკოთის უღელტეხილთანაც. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.