„საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი“ – კანცელარიასთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

„საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი“ –  ამ სახელწოდებით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

აქციაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც მთავრობის მისამართით კონკრეტული მოთხოვნები გააჟღერეს.

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დაღუპულთა რაოდენობა აჩვენებს, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მისი თქმით, ორგანიზციები მოითხოვენ, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო (ისევე, როგორც პანდემიის შემთხვევაში), რომლეშიც გაერთიანდება სხვადასხვა უწყება, დეპარტამენტი და გატარდება ღონისძიებები ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, შატილის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ბევრი პრობელმა გამოავლინდა, რაც აქამდეც არსებობდა.

„საგზაო შემთხვევების გამო დაღუპვა არ არის ნაკლები პანდემია. ჩვენ გვაქვს სერიოზული „პანდემია“ გზებზე და ეს არ ჩერდება. ამას სჭირდება სახელმწიფოს სერიოზული ჩართულობა, ყურადღება. ის ღონისძიებები, რომლებსაც უწყებები, სამინისტროებები ახორციელებენ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ტრანსპორტის მიმართულებით, თუ ადამიანის ქცევის შეცვლის მიმართულებით, არის არაეფექტიანი. შეიძლება პირდაპირ ითქვას, არ არის საკმარისი“, – თქვა ეკა ლალიაშვილმა.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე კი აცხადებს, რომ საჭიროა, არსებოდეს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთი კონკრეტული ორგანო.

„დიდი ხანია, უკვე, ამას ვამბობთ მე და ჩემი კოლეგები, რომ უნდა არსებობდეს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთი კონკრეტული ორგანო. რომელიც დააკავშირებს საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ორგანოს, იქნება ეს სამინისტროები, თუ მუნიციპალიტეტები“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.

გაეროს ექსპერტის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავას განცხადებით, უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაციები ტუროპერატორებისთვის.

„აქ არ არის საუბარი განსაკუთრებულ ლიცენზიებზე. სხვა ქვეყნებში რომ გადაამოწმოთ, იქ ტუროპერატორებს აქვთ ვალდებულება, რომ მგზავრი უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაიყვანონ. ჩვენთან ეს უნდა იყოს გაწერილი, თუ როგორ უნდა გადაიყვანონ მათ მგზავრები. პირველ რიგში, გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.  ავტომანქანა უნდა იყოს გამართული და გადატვირთული არ უნდა იყოს. 10 და 15 საათი არ უნდა იმგზავროს. თუ უამინდობაა, მაშინ თავი უნდა შეიკავოს და ეს მინიმალური მოთხოვნები ყველა ქვეყანაშია გაწერილი ასეთი გადამყვანებისთვის. ასეთ მაღალმთიან ადგილებში არ შეიძლება ასეთი ტრანსპორტით გადაადგილება“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი დაშავდა.