უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 8 ივლისის 20:00 საათიდან რუსეთის ჯარებმა შეტევისთვის 700-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. უწყება ამბობს, რომ საჰაერო ძალებმა დარტყმები 4 ლოკაციაზე დააფიქსირეს, ხოლო ნამსხვრევების ჩამოცვენა – 14 ადგილზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა – 728 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის სიმულაციური დრონები; 7 Kh-101/Iskander-K ტიპის ფრთოსანი რაკეტა; 6 Kh-47M2 „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტა.
განცხადების თანახმად, თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 296 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ფრთოსანი რაკეტა, 415 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს ან დაიკარგა.
თავდასხმების მთავარი სამიზნე უკრაინის ვოლინის ოლქის ქალაქი ლუცკი იყო, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ არ ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ.
რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმების წინა ანტირეკორდი 4 ივლისს დამყარდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა 550 დრონი და რაკეტა გაუშვეს.