„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ორგანიზაცია 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება.
საიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას.
„2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.
ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებასა და არჩევნებზე დაკვირვებას.
საია გააგრძელეს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
21 აგვისტოს ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) განაცხადა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით.
მიზეზი ქვეყანაში შექმნილი გარემოა, როცა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები დიდწილად არ არის დაცული. თუმცა ორგანიზაცია განაგრძობს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას.