„ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ“ – საიას ანგარიშის თანახმად, მარტის აქციებზე შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
საიას ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.
„ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
კერძოდ, აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა; რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა”. – აცხადებს საია.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი იყო და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობდა, სამართალდამცველების მხრიდან ცალკეული ხასიათის დარღვევებს კი მთლიანად აქციის მიმდინარეობაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა.
საია ასევე ხაზს უსვამს, რომ მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
„ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მომეტებულ შეზღუდვას, ასევე, ხელს უწყობდა ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა. კერძოდ, 7-9 მარტის აქციების დაშლისას ისევ გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის შესაბამისად წარმოებული დაკავებები / სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს.
საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის დადების პრაქტიკაც”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საია ანგარიშს ურთავს რეკომენდაციებს, რომლითაც შსს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პარლამენტსა და სასამართლოს მიმართავს.