საია: ADF International-მა რუსული კანონის წინააღმდეგ დავაში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თანახმად, 2025 წლის 28 აგვისტოს „თავისუფლების დაცვის საერთაშორისო ალიანსმა“ (Alliance Defending Freedom International-მა – ADF International) რუსული კანონის წინააღმდეგ დავაში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და სასამართლოს მეგობრის პოზიციაც წარადგინა.

საიას თანახმად, ADF International-ის წერილობითი მოსაზრების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, დამოუკიდებელი მედია აუცილებელია დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ADF International განმარტავს, რომ კონვენციის მე-11 მუხლის გარდა, გაერთიანების თავისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით არის გარანტირებული.

„ამ საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების დაცვა აზრს დაკარგავს, თუ დაფინანსების წყაროებზე წვდომა დაცული არ იქნება, რომლებიც გაერთიანებებს საშუალებას აძლევს, თავიანთი მიზნები განახორციელონ, მათ შორის, ჰქონდეთ წვდომა უცხოურ ან საერთაშორისო დაფინანსების წყაროებზე“, – წერს ალიანსი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სადაც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობაა შემოღებული, ADF International-ს მაგალითად მოჰყავს რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი.

მოსაზრებაში მითითებულია, რომ გაერთიანების თავისუფლების დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა შეიძლება „მსუსხავი ეფექტი“ შექმნას და ფიზიკური პირების, ასევე, რელიგიურ და სხვა ჯგუფებთან რიგი დაკავშირებული უფლებების განხორციელებაზე უარყოფითად იმოქმედოს.