საია: ადვოკატების შეფასებით, ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან.

საიას ცნობით, ადვოკატების შეფასებით, ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.

„მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა. მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია“, – წერია განცხადებაში.

საია ამბობს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა – „მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები“.

საია სახალხო დამცველს მიმართავს:

  • „სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
  • მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
  • გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
  • შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
  • უზრუნველყოს წარმომადგენლის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი“.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.