საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) თავმჯდომარის, ნონა, ქურდოვანიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებთან ადვოკატებს არ უშვებენ.
მისი თქმით, შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ადვოკატებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და შეუშვას ადვოკატები მათთან.
„კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულთა ნაწილი სავარაუდოდ გადაყვანილები არიან კახეთის გზატკეცილზე მდებარე პოლიციის შენობაში. საიას ადვოკატები არიან ადგილზე და ცდილობენ დაკავებულებთან შეხვედრას. ადვოკატებს თან აქვთ შესაბამისი ორდერები.
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს აქვს უფლება, დაუყოვნებლივ, დაბრკოლებების გარეშე შეხვდეს დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ჩვენს ადვოკატებს ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ადვოკატებს არც იმას უდასტურებენ, არიან თუ არა კონკრეტული პირები ადგილზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადვოკატები აწყდებიან ბარიერებს დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
მოგვიანებით ორგანიზაციამ ვრცელი განცხადება გაავრცელა.
საია მოუწოდებს
Სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები.
Შინაგან საქმეთა სამინისტროს – მიაწოდოს ადვოკატებს დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა.
Საქართველოს პარლამენტს / საქართველოს მთავრობას – დაიცვან სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; მათი კომპეტენციის ფარგლებში მიმართონ ყველა ზომას, რათა, უზრუნველყონ ხელშეკრულების სუსტი მხარის კაბალური პირობებისგან დაცვა; ასევე, უზრუნველყონ, აღსრულების პროცედურა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს დაკავებულია ადმინისტრაციული წესით 18 და სისხლის სამართლის წესით, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით, 2 პირი.
გამოძიებაა დაწყებული პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მუხლით.
23 იანვრის დილის 9 საათიდან კეკელიძეზე ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს და აპროტესტებდნენ გამოსახლების გადაწყვეტილებას. წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიურომ იძულებითი აღსრულების ღონისძიება სისრულეში მოიყვანა და ოჯახი ძალის გამოყენებით გამოიყვანა ბინიდან.
კეკელიძის 1 ნომერში იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000. ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება გასულ წლებში რამდენჯერმე სცადა.