საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში მომხდარ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.
საქმე ეხება 2 აპრილს ქ. ბათუმში, კომენდანტის საათის დროს დაკავებული პირის ისტორიას. იგი პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე საუბრობს. აღნიშნულზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 4 აპრილს დაიწყო.
საიას ინფორმაციით, დაზარალებულმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს 4 აპრილს დეტალური ჩვენება მისცა. მისი განმარტებით, 2020 წლის 02 აპრილს დაახლოებით 23:45 სთ-ზე სახლიდან აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად გამოვიდა. ერთ-ერთ აფთიაქში მან შესაბამისი მედიკამენტი ვერ იყიდა და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში გადასასვლელად ნებართვა იმავე ქუჩაზე გაჩერებულ პოლიციის ეკიპაჟს სთხოვა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიტყვიერი თანხმობა მისცა, რის შემდგომაც მან გზა მეორე აფთიაქისკენ განაგრძო. მალევე, მას ამავე ქუჩაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი მიუახლოვდა. მანქანიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთი პირი გადმოვიდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა სიტყვებით: „ბიჭო, შენ სად მიდიხარ, არ იცი, რომ კომენდატის საათია“, რაზეც მან განუმარტა, რომ წამლის შესაძენად აფთიაქში მიდიოდა და აღნიშნულზე სიტყვიერი თანხმობა პოლიციის სხვა თანამშრომლებისგან ჰქონდა. დაზარალებული იხსენებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აგრესიულად მიმართეს, რის გამოც მან მობილური ტელეფონით საუბრის გადაღება დააპირა. ამან პოლიციელების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გამოართვა ტელეფონი და ხმამაღლა მიმართა დანარჩენ პოლიციელებს –„დავაი, ჩატენეთ მანქანაში.“
„შემდგომ, ძალის გამოყენებით დააგდეს ძირს და გაუკეთეს ხელბორკილები. მისი განმარტება, რომ ხერხემალზე ჰქონდა პრობლემები და თავად ჩაჯდებოდა მანქანაში, პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. აღნიშნულ პროცესში მან მანქანის ძარას თავი რამდენჯერმე მიარტყა. პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ზეწოლა მანქანაშიც გაგრძელდა. ერთ-ერთი პოლიციელი მუხლებით დააწვა თავზე, ასევე, ურტყამდა ხერხემლის არეში. ტრანსპორტირების დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ტრანსპორტირებისას ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას იგი ქ. ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ასევე გაგრძელდა მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
პოლიციის განყოფილებაში იგი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მიეცათ შესაძლებლობა, დაკავშირებოდა ადვოკატს, პოლიციის თანამშრომლებმა უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ იყო კომენდანტის საათი და ადვოკატი ვერ მივიდოდა. პოლიციის განყოფილებიდან იგი დროებითი მოთავსების განყოფილებაში გადაიყვანეს, ტრანსპორტირებისას პოლიციელების მხრიდან მასზე დამატებით ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. იზოლატორში შეყვანისას მან დააფიქსირა, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები პოლიციელებმა მიაყენეს.
მეორე დილით იგი იზოლატორიდან ისევ პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში იმავე პოლიციელთაგან ერთ-ერთმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავის მოჭრით დაემუქრა. პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით შეუდგინეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილა სამართალდარღვევის საქმე, იგი სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. პოლიციის თანამშრომლებმა მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარიანი ჯარიმაც შეუდგინეს”, – წერს საია.
საია განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები ვერ გაამართლებს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ჩადენას და პირის დაცვის უფლების გარეშე დატოვებას.
წამება, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვა იმდენად ფუნდამენტურია, რომ მას არ გააჩნია შეზღუდვები ან რაიმე გამონაკლისები. კონვენციის მე-15 მუხლი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს უფლებების შეზღუდვის საკითხს არეგულირებს, ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ დაუშვებელია კონვენციის მე-3 მუხლიდან გადახვევა ნებისმიერ დროს. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის დროსაც, წამების აკრძალვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას – თავი შეიკავონ არასათანადო მოპყრობის ჩადენისგან და მეორე მხრივ, პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფოს ავალდებულებს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით განისაზღვრა პროფესიული საქმიანობის შესრულების მიზნით ადვოკატის შეუფერხებლად გადაადგილების წესი. კერძოდ, საქართველოს მთავრობის #204 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა … საადვოკატო საქმიანობისა”. ამავე დადგენილების მიხედვით, გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ იმ პირებზე/მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
შესაბამისად, თუკი საგანგებო მდგომარეობის ვადით 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით პირის დაკავების შემთხვევაში, დაკავებული პირი საჭიროებს ადვოკატის დახმარებას, დაუშვებელია, მისთვის ადვოკატის ყოლის უფლების შეზღუდვა კომენდატი საათის მოქმედების საფუძვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.
საია შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, რომ გააკეთოს მკაფიო განცხადება აღნიშნულ ფაქტზე და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებები;
„სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს მიეცეთ მკაფიო მითითება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის პროცესში არ იმოქმედონ ფორმალურად და გაითვალისწინონ ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც შესაძლოა გამორიცხავდეს პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. ასევე, გაატაროს პრევენციული ზომები, რათა დაკავებულ პირებს არ შეეზღუდოთ ადვოკატის ყოლის უფლება“, – საია.