ორგანიზაციები „საია” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებენ, რომ გამოსახლების აქციაზე დაკავებული მოქალაქეების დაჯარიმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით/საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს და ამასთანავე, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას საზოგადოებაში.
23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად მიმდინარე აქციაზე 18 ადამიანი დააკავეს, მათგან ორის – კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას – მიმართ კი გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
ამ დრომდე, თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლეებმა – ირაკლი ჩიკაშუამ და ნინო შჩერბაკოვმა – ადმინისტრაციული წესით დაკავებული 18 პირიდან 11-ის საქმე განიხილეს და ყველა შემთხვევაში დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს. სასამართლომ თითოეული მათგანის მიმართ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, 7 პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კი კვლავ განიხილება.
ორგანიზაციების განცხადებით, 23 იანვრის მოვლენებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ შეკრების დროს პოლიცია არ მოქმედებდა კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: პოლიცია შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევდა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით კონკრეტულ, მკაფიო მითითებებს, არ აფრთხილებდა ძალის გამოყენების ან დაკავების თაობაზე, ასევე, დაკავებულებს არ განუმარტავდა სამართალდარღვევის არსს.
„საია” და SJC აკრიტიკებენ საქმეების სასამართლოში განხილვის პრაქტიკასაც და ხაზს უსვამენ, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი დადგენილებები ეფუძნება მხოლოდ პოლიციელის/პოლიციელების ჩვენებებს. თუმცა, პროცესებზე მოწმის სახით გამოკითხული სამართალდამცავები კონკრეტულად ვერ უთითებდნენ, როდის, რა ვითარებაში და როგორ არღვევდნენ ცალკეული პირები კანონს, ან როგორ მოხდა მათი დაკავება.
განცხადების თანახმად, სამართალდამცველები თვითნებურად არ რთავდნენ დაკავებისას სამხრე ვიდეო-კამერებს, რომლის ჩანაწერებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა სასამართლოსთვის.
მიუხედავად მტკიცებულების სიმწირისა და პოლიციელების ზოგადი, ზოგჯერ ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენებებისა, ჯარიმების საერთო რაოდენობა უკვე აღწევს 22 000 ლარს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის გაზაფხულზე, მმართველი პოლიტიკური პარტიის ინიციირებით გაიზარდა სანქცია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე 48 საათამდე გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების ვადა.
„გამკაცრებული კანონმდებლობა სულ უფრო აქტიურად გამოიყენება აქტივისტების და უფლებადამცველების გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ბერკეტად, გაზრდილ ჯარიმებს კი მსუსხავი ეფექტი აქვს აღნიშნული უფლებებით სარგებლობაზე.
გამოსახლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მასობრივმა დაკავებებმა და რეპრესიულმა მეთოდებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს უუნარობა და მიდგომები სოციალური კრიზისების მართვის მიმართ. იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, კიდევ უფრო მეტად აქტიურად იყენებს სადამსჯელო კანონმდებლობას. საპოლიციო თვითნებობა და მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების უსაფუძვლოდ გამოყენება კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სტაბილურობას”. – ამბობენ ორგანიზაციები და მოუწოდებენ:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს მოქალაქეების მასობრივი დაკავების პრაქტიკა. ამავდროულად, სავალდებულო გახდეს სამართალდამცავებისთვის მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეო-კამერების ჩართვა;
- საერთო სასამართლოებს – აქტივისტების საქმეები განიხილოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არ დაემყარება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის სავარაუდო გამოყენებისა და ღირსების შელახვის ფაქტები;
- საქართველოს პარლამენტს – დროულად უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობის სისტემური რეფორმა;