აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებიდან სხვადასხვა დროს, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითა 17-მა პირმა, ხოლო 10-მა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთ პირობებზე, რომლებიც შეიძლება გაუთანაბრეს არასათანადო მოპყრობას. თუმცა დაზარალებულის სტატუსი პატიმრების უმრავლესობას, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ, ამ დრომდე არ მიუღიათ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეფასებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ის ფაქტი, რომ არცერთ პატიმარს დაზარალებულის სტატუსი არ ენიჭება ფაქტობრივად ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას – უზრუნველყოს ეფექტიანი, დამოუკიდებელი, სწრაფი გამოძიება, რომელშიც ჩართული იქნება დაზარალებული.
საიას ანგარიშში აღწერილია დაკავების ან/ და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, 17 შემთხვევა.
სხვადასხვა საქმეში აღწერილია ფიზიკური ძალადობა (ცემა, ტვინის შერყევა, ჯანმრთელობის გაუარესება) სექსუალური ხასიათის მუქარები და გაუპატიურების მუქარის ტოლფასი ქცევები, სიცოცხლის მოსპობისა და ცოცხლად დამარხვის მუქარა, ასევე აღიარებითი ჩვენების იძულება.
„თანაბრად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში აღწერილი მდგომარეობა – ტარაკნები, ანტისანიტარიული საკნები, საწოლის გარეშე დარჩენა, წყალსა და სანიტარიაზე წვდომის შეზღუდვა, საკვების შეზღუდვა ან მისით მანიპულირება, ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემებზე სათანადო რეაგირების არქონა – ადასტურებს არა ერთეული ინციდენტების არსებობას, არამედ იმ პრაქტიკას, რომელიც თავისუფლებაწართმეულ პირთა ღირსებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობას არ უზრუნველყოფს“, – წერს საია.
შეფასება ვრცლად, სადაც აღწერილი თითოეული პირის მიერ დასახელებული გარემოებები იხილეთ ბმულზე.