საია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომების სრულად დახურვას კრიტიკულად აფასებს

პუბლიკა

საია კრიტიკულად აფასებს პოლიტიკოსების მიმართ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომების სრულად დახურვას, საიასთვის დაკვირვების შეზღუდვას და ამის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია აღნიშნავს, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 25 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გააჟღერა საიას განცხადება, რომელიც ეხებოდა მის წარმოებაში არსებულ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომებზე საიას წარმომადგენლის დასწრების თხოვნას.

საიას შეფასებით, განცხადების განუხილველად დატოვება და მისი არსებობის შესახებ მხარეთათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა, მხარეთა ინფორმირებულობის პრინციპს არღვევს. 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2026 წლის 23 თებერვალს არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე2 თამარ მახარობლიძემ, წესრიგის დაცვის მოტივით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომები სრულად დახურა. ადგილზე თხოვნის მიუხედავად, სასამართლო პროცესების მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ დასწრების შესაძლებლობა.

25 მარტს სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში საია მიუთითებდა, რომ ორგანიზაცია სასამართლოს მონიტორინგს 2011 წლიდან ახორციელებს (ამას აკეთებდა, მათ შორის, კოვიდ პანდემიის დროსაც კი, როდესაც სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო). ამ დროისთვის ორგანიზაციას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 18 ანგარიში აქვს მომზადებული, ასევე, გამოქვეყნებული აქვს 3 სპეციალური ანგარიში, მათ შორის, 2025 წელს პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის პროცესებს საია სპეციალურად მომზადებული მეთოდოლოგიით აკვირდება” – ნათქვამია განცხადებაში.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის თქმით, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი საქმეების მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. 

„საჯაროობის შეზღუდვა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები ამოწურულია და ვერ უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რეალური რისკი, რომ სხდომის დახურვა აღქმული იქნას როგორც გაუმჭვირვალობის ზრდა და საზოგადოების ინფორმირების უფლების შეზღუდვა, რაც კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც შელახულ ნდობას.

როდესაც სასამართლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სხდომებს სრულად ხურავს და, ერთი შეხედვით ნეიტრალური მიდგომით, ყველასთვის ზღუდავს მათზე დასწრებას, ფაქტობრივად, მომეტებულად ზიანდება სწორედ უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ახორციელებენ პროცესების მონიტორინგს. შედეგად, კიდევ უფრო სუსტდება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომლებიც ობიექტურად ხელს უწყობს უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და, შედეგად, ანგარიშვალდებულებას” – წერია განცხადებაში.

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სხდომები დახურულია მედიის წარმომადგენლებისთვისაც, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოსამართლემ საჯაროობის შეზღუდვის გზით თავიდან აირიდა დისკომფორტი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს სხდომაზე გაჟღერებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ან/და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.