„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს.
როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, „გაუგებარია, რატომ მიიღო პროკურატურამ ალეკო ელისაშვილის საქმეზე 10 დღის წინ მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება”.
თუმცა ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების ფაქტები იკვეთება, მნიშვნელოვანი იქნება, პროკურატურამ სხვა პირებთან მიმართებითაც მსგავსი მიზანშეწონილი გადაწყვეტილება მიიღოს.
„სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 6 დეკემბერს შეუფარდა პატიმრობა, ხსენებულ სხდომაზე ბრალდების მხარე აბსტრაქტულად უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე და მათ გასანეიტრალებლად ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. საია მიიჩნევდა, რომ პირველი წარდგენის სხდომაზეც არ ყოფილა, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული, პროკურატურის გადაწყვეტილება კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აღნიშნულს.
საყურადღებოა, რომ საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშებში სისტემატურად მოუწოდებს პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ინიციატორი თვითონვე იყოს, თუმცა აღნიშნულს პროკურატურა როგორც წესი არ აკეთებს.
მართალია, გაუგებარია ამ შემთხვევაში რატომ მიიღო პროკურატურამ 10 დღის წინ მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც იკვეთება პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების ფაქტები, მნიშვნელოვანი იქნება, პროკურატურამ სხვა პირებთან მიმართებითაც მიიღოს მსგავსი მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.
პროკურატურის ინიციატივით სასამართლომ კიდევ ერთი აქციაზე დაკავებული პირის, 17 წლის მ. გ.-ს მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას პროკურატურა ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავება.
„2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელისაშვილმა აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – წერდა პროკურატურა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.