საია განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართოს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს და ამ მიზნით, საკოორდინაციო ფორმატს ქმნის.

„მზარდი რეპრესიებისა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ.

კერძოდ, სახეზეა წამება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმების სახით, ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას, ანდა მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულებს სათანადოდ გამოიძიებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს.

ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შესაძლებელია ამ მიმართულებით მიმართვა და საქართველოს სიტუაციის შესწავლა, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და ამ განაცხადით გვინდა ამასთან დაკავშირებით დავიწყოთ პროცესები, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ამ დარღვევების დეტალურ დოკუმენტირებას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.