„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გავრილოვის ღამეს დაზარალებულის მიმართ შსს-ს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
კერძოდ, ორგანიზაცია სასამართლოში იცავდა 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე დარბევისას დაზარალებული პირის ინტერესებს.
„საია-ს“ ცნობით, მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის მიმდინარეობისას შეეცადა ცრემლმდენი აირის გარემოცვაში მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა მარჯვენა თვალის არეში. მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო პროცედურა.
სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ დაზიანების გამო მოსარჩელეს საერთო შრომისუნარიანობა შეუმცირდა 15 %-დან 25%-მდე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება საქმის 4-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1 440 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.
„ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არ არის ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. სამართლებრივი თვალსაზრისით გადაწყვეტილება, ასევე, მნიშვნელოვანია სარჩოს ოდენობისა და ფარგლების ნაწილშიც.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სამართალწარმოება და მოსარჩელე უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას”. – აცხადებს „საია”.
ორგანიზაციისვე განცხადებით, გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არ არის შესული.