საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას და ანა დოლიძეს მხარდამჭერას უცხადებს

პუბლიკა

საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას. მხარდაჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყუდარების ყველა მსხვერპლს.

საია ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთოხოების თანამშრომელი  და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე.

„ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები,  რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება“,- ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.