საია: გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა, აქციის დაშლა წარმოადგენს უკანონო ჩარევას

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო მიმდინარე აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, გზის გადაკეტვა და სხვა ფიზიკური საშუალებების გამოყენება რომელიც მიმართულია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებისკენ, შეკრების თავისუფლების ფარგლებში ექცევა.

გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფარგლებს შესაძლოა გასცდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ნორმალური ცხოვრებისა და სხვების მიერ განხორციელებული კანონიერი ქმედებებისთვის ხელის იმგვარ შეშლას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო ადგილას შეკრების უფლების რეალიზების შედეგად გამოწვეულ შეფერხებას.

მაშინ, როდესაც დემონსტრაციას ძალადობრივი ხასიათი არ აქვს, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მიმღებლობა დემონსტრაციის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიმართ, რაც შეიძლება, მათ შორის, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებაში გამოიხატოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, საია აღნიშნავს, რომ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის დაშლა საპოლიციო ძალების მიერ წარმოადგენს აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ხოლო ამ მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული დაკავებები – არაპროპორციულ საშუალებას.

საია მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაარღვიოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების და მანიფესტაციის უფლება; შეწყვიტოს ადმინისტრაციული დაკავებები და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის საშუალება.

პოლიციას, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს.