საია: კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა.

მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე საარჩევნო უბანზე შესვლის დროს. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს თაღლითობა და ხმის ერთზე მეტჯერ მიცემა.

საია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით:

„ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო. ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები”.

ორგანიზაციამ დღის განმავლობაში ასევე აღრიცხა დამკვირვებლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა.

საია-ს განცხადებით:

მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც მათ ხელს უშლიდა თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფაში. საიამ აღრიცხა დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის, ასევე, უბნიდან გაძევების ფაქტები. დამკვირვებლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გამოვლინდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მარკირების წესის დარღვევაზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ.

საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს.

„ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს. ასევე, ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად”. – აცხადებს ორგანიზაცია.

საია-მ დღის განმავლობაში ასევე აღრიცხა უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები.