საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, 2021 წლის 1 იანვრამდე, შეზღუდოს უფლებები კანონქვემდებარე აქტებით.
საუბარია კანონზე, რომელიც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, კორონავირუსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს რიგი შეზღუდვები.
თავდაპირველად მიღებული კანონით, აღნიშნულ ნორმას 2020 წლის 15 ივლისამდე უნდა ემოქმედა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის ინიციატივა გუშინ სესიაზე განიხილეს და დაამტკიცეს, რის მიხედვითაც მთავრობას უფლებამოსილება წლის ბოლომდე ენიჭება.
„მიგვაჩნია, რომ მართალია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შრომის უფლების შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით. როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს.
საია უარყოფითად აფასებდა, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ შემოღებულ რეგულაციებს,რომლის გაგრძელებაც მოხდა 2021 წლის 1 იანვრამდე. სწორედ ამიტომ 15 ივლისამდე დაწესებული რეგულაციები საიამ გაასაჩივრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საქმე არსებითად განსახილველად მიიღიო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.