საია: ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა.მათი განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.

„6 დეკემბერს მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე პოლიციელები კვლავ უკანონოდ ჩხრეკდნენ ადამიანებს. პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ატარებდნენ ზედაპირულ შემოწმებას. მედიის კადრებში აშკარად ჩანს, თუ როგორ არღვევენ პოლიციელები კანონს და აშკარად სცდებიან ზედაპირული შემოწმების ფარგლებს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ზედაპირული შემოწმებაც უნდა ემყარებოდეს კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს. აღნიშნული მიუთითებს, რომ პოლიციელები მასობრივად ასრულებენ უკანონო ბრძანებას დემონსტრანტების დასაშინებლად. უკანონო ჩხრეკის პროცესში დააკავეს რამდენიმე პირი.

მიუხედავად იმისა, რომ 6-7 დეკემბერს აქცია მშვიდობიანი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა (00:33 საათიდან). სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია (00:40 საათისთვის). ამ დროისთვისაც, საპოლიციო ძალები უსაფუძვლოდ და ძალადობრივად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ, პარლამენტის წინ დარბევის დაწყების შემდგომ რესპუბლიკის მიედანზე ასევე განლაგდა სპეცრაზმი, რომელიც აქციიდან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებდა“, – წერია განცხადებაში.

საიას განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

„მეთოდები – მეტროდან ამომავალ პირთა ჩხრეკა, აქციიდან წამოსული მშვიდობიანი ადამიანებისთვის ჩასაფრება – მიზნად ისახავდა მოქალაქების დაშინებას და მათთვის მშვიდობიანი შეკრების ადგილას მისასვლელად დაბრკოლებების შექმნას.

ასევე, კვლავ ადგილი ჰქონდა აქტიური სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებას. კერძოდ, იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, ასევე წიწაკის სპრეისაც“, – ამბობს ორგანიზაცია.

საია აღნიშნავს, რომ 00:45 საათისთვის, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ.

„კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელთა სახეები, შესაბამისად მათი იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და, ასევე, 2024 წლის აპრილ-მაისში ასეთი დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფიზიკურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ.

მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. 6 დეკემბერს ასეთი აპირები თავს დაესხნენ “პუბლიკას” ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც“, – წერია განცხადებაში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევენ მონიტორინგს და მიიჩნევენ, რომ „სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს“.