საია: მარნეულში პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 11:00 საათის მონაცემებით არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ მარნეულის 35-ე უბანზე პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტებიც.

„მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ელექტრონული მოწყობილობების გამართულად მუშაობასა და რეგისტრატორების მხრიდან ვერიფიკაციის აპარატის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით: რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს ატარებენ არასწორად, რის გამოც, უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა. ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა. გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები”, – აცხადებენ საიაში.

ორგანიზაცია სხვა სადამკვირვებლოების მსგავსად მიუთითებს უბნების ნაწილის გახსნასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზეც. კერძოდ, საიაში აცხადებენ, რომ ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 6:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან კი გააქტიურებული იყო ელექტრონული აპარატები.