საია მეფარიშვილის და ოკრიბელაშვილის საქმეზე: სასამართლო აგრძელებს მანკიერ პრაქტიკას

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმეის შეფასებას აქვეყნებს.

დაცვის მხარემ მათთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არც ერთხელ არ დააკმაყოფილა.

საია აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება არ არის პატიმრობის შეფარდებისთვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, რადგან აბსტრაქტულად არის შეფასებული საფრთხეები და შესაბამისი მიზნების მიღწევა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლომ ამ საქმეშიც გააგრძელა ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც საიას 13-წლიანი სასამართლო მონიტორინგი რეგულარულად ავლენს.

„საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლო სხდომა თვე-ნახევრის შემდგომ – 11 ნოემბერს ჩანიშნა. მოსამართლემ  სხდომის დიდი დროით გადადების მიზეზად, ოქტომბერში ამნისტიას დაქვემდებარებული საქმეების მოლოდინი და წარმოებაში არსებული  არაერთი საქმე დაასახელა, რომელთაც განხილვის ვადებთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის დროისათვის, 23 სექტემბრის მონაცემებით, კანონი ამნისტიის შესახებ ჯერ ძალაში არ არის შესული, შესაბამისად, გაურკვეველია მოსამართლის მიერ ამ საქმეებისთვის პრიორიტეტის მინიჭების კანონისმიერი საფუძვლები. საიას 13-წლიანი სასამართლო მონიტორინგი, ასევე, ცხადყოფს, რომ საქმეთა გაჭიანურებას, სხვა მიზეზებს, შორის, სწორედ, სხდომების დაგვიანებით დაწყება ან/და გადადება იწვევს, რაზეც სასამართლო ყოველთვის ადეკვატურად ვერ რეაგირებს.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე არსებითი განხილვა ახალი დაწყებულია და ამ ეტაპამდე მხოლოდ 2 მოწმეა დაკითხული. საია გააგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.