„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა ჯგუფმა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით.
მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ და ელენე გიორგაძემ კლინიკაში 7 თებერვალს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა 12 თებერვალს მოინახულა.
„7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. მათი ვიზიტიდან დღემდე გასულია თითქმის ორი კვირა.
2025 წლის 17 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, გააკეთა კომენტარი, იმის თაობაზე, რომ შიმშილობის ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მისი განცხადებით, ასეთი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს გამოკვლევები, რომლებიც მზია ამაღლობელს უტარდება. იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგი, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით“, – წერია განცხადებაში.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.