„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები”, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც სისტემის შიგნით ხდება ასეთი დანაშაული, იქ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სისტემის ხელმძღვანელმა და ქალბატონი ნინო ცაციაშვილის სახელით, რომელიც არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კეთდებოდა ის ცნობილი განცხადებები, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, რეალობასთან ბოლომდე კავშირში არაა”, – განაცხადა სალაძემ.
მისი თქმით, 15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვისა და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს.
სალაძის თქმით, ამ დროისათვის საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელდება, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე, მისი თქმით, დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე.
საია ასევე მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ პოლიციელთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობდნენ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.