საია მოუწოდებს ხელისუფლებას, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის ეფექტიანი სისტემა შექმნას

პუბლიკა

საია ეხმიანება ნერგეეთში, მახუნცეთსა და წონიარისში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის ეფექტიანი სისტემა.

საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრული პროცესის გააქტიურება უკვე პროგნოზირებული იყო. ორგანიზაციის თქმით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, რითაც მოქალაქეებს ეზღუდებათ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

 

„გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა ნათლად დაგვანახა, რომ მათთან გასამკლავებლად ქვეყანაში არსებული არაეფექტური სისტემა საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებმა უნდა უპასუხონ მთელ რიგ მნიშვნელოვან შეკითხვებს, იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია რაჭის, გურიის და ამჟამად აჭარასა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედიები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.

2023 წელს რაჭასა და გურიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საიამ შეიმუშავა საადვოკაციო დოკუმენტი,7 „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, რომელშიც დასვა საკვანძო შეკითხვები ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენციასა და მართვასთან დაკავშირებით. ამ შეკითხვების უმრავლესობა დღემდე პასუხგაუცემელია ბუნებრივი კატასტროფების რისკების პრევენციასა და მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, რომლებზეც მათ, მათ შორის, საჯარო ინფორმაციების გამოთხოვის განცხადებებითაც მიემართათ. კერძოდ:

· რატომ არ გააჩნია საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა?

· რატომ არ არის დანერგილი ადრეული გაფრთხილების სისტემები, რომლებიც წარმოადგენს როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე, სენდაის ჩარჩო – პროგრამიდან გამომდინარე ვალდებულებას? საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადრეული შეტყობინების განვითარების სისტემის შექმნა დაიწყო 2019 წლიდან და 2025 წლისთვის იგეგმება მისი დასრულება.8

· აქვს, თუ არა, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უსაფრთხოების პასპორტი ყველა მუნიციპალიტეტს და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული რუკები? უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, რატომ არ არის ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი? მაგალითად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში არ არსებობს უსაფრთხოების პასპორტი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის მომზადების პროცედურა.9 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურმა, დონორული მხარდაჭერით, 21 მუნიციპალიტეტში ჩაატარა სწავლებები უსაფრთხოების პასპორტის შექმნასთან დაკავშირებით და კოორდინაციას უწევს მომზადებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების პასპორტის შექმნაზე მუშაობას. 10

· დღემდე რატომ არ არსებობს კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტები? საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი მხოლოდ 2017-2020 წლების პერიოდს ფარავს. თუმცა, არც ისაა შესწავლილი, რამდენად შესრულდა 2017-2020 წლების სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და რამდენად ეფექტიანი იყო განხორციელებული ქმედებები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, ამჟამად დასკვნით ეტაპზეა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი, რომლის განახლების შემდეგაც დაიწყება „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი.11

· რატომ გაჭიანურდა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება? საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი მხოლოდ 2015-2018 წლებს მოიცავს.

· შემუშავებულია თუ არა საგანგებო რისკის მართვის გეგმები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ – ეროვნულ და მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ – ადგილობრივ დონეებზე, მათ შორის, სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში? მაგალითად, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში არ არის შემუშავებული საგანგებო სიტუაციების რისკის მართვის გეგმები.12 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიხედვით, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, უნდა შემუშავდეს რისკის მართვის ბაზა, ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ავტომატიზებული სისტემა და რისკის გაანგარიშების ციფრული პროგრამები, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტების მიერ რისკის მართვის გეგმების შემუშავება.13

· უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა და რამდენად სათანადოდ არის შედგენილი საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები?

· აწარმოებდა თუ არა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში? სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი მეტეოროლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების მონიტორინგზე.

· რატომ ვერ მოხდა საფრთხის დროული იდენტიფიცირება? არსებობს თუ არა სტიქიის ზონებში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისთვის საჭირო პუნქტები და რესურსები?

· შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან სათანადო ინფორმაციის დროულად მიწოდების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სტიქიის ზონებიდან ადამიანების დროული ევაკუაცია?

ამასთან, მოვუწოდებთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, უმოკლეს ვადებში გამოაქვეყნოს 2022 წლის გეოლოგიური ანგარიშის ელექტრონული ვერსია.

წარსულში განვითარებულმა მსგავსმა და ამ კონკრეტულმა შემთხვევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი სისტემური პრობლემები სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემის არარსებობის, მოვლენების მართვისა და სათანადო რეაგირების საკითხებთან მიმართებით.

კლიმატის ცვლილების თანმდევი უარყოფითი შედეგები უკვე ნეგატიურად აისახება საქართველოზეც. კონკრეტულად, ქვეყანაში შესამჩნევად არის გაზრდილი ისეთი ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე, როგორიცაა : მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი , გვალვა, წყალდიდობა და სხვა, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს და მათ სათანადო განვითარებას. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვისა და მათი ღირსეული არსებობისთვის, აუცილებელია, საქართველომ სწრაფად და ეფექტიანად შეასრულოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციის, ბუნებრივი კატასტროფებისაგან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდებისა და შემცირების მიზნით.

 

შოვსა და გურიაში მომხდარმა ტრაგედიამ გამოავლინა, რომ პრობლემურია მსგავსი ტიპის შემთხვევებზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოება,14 აგრეთვე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდება, რაც სახელმწიფოს შესაბამისი წარმომადგენლების და საგამოძიებო ორგანოების მიმართ ობიექტურად იწვევს დაზარალებულებისა და საზოგადოების უნდობლობას.

საყურადღებოა, რომ ამ დრომდე უცნობია, დაინტერესდა თუ არა გამოძიება იმ უწყებების მუშაობის შესწავლით, რომლებსაც არსებული კანონმდებლობით აქვთ მსგავსი ტიპის მოვლენების პროგნოზირების, პრევენციის, საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება.

ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დააფიქსიროს პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, აიდენტიფიცირებს თუ არა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს. ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება არსებითია უპირველესად სწორედ ფაქტების დადგენის მიზნით”, – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

 

 

 

ბაღდათის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.