საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს მუქარის შემცველი ზარები

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპროტესტო აქციებში ჩართული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ზარებს ეხმაურება და მოუწოდებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს საკითხით.

„2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.

ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

7 მაისიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან. გუშინ ზარები უკრაინული VPN-ით ფიქსირდებოდა, თუმცა დღეს რამდენიმე მოქალაქეს ქართული ნომრებიდან დაურეკეს. როგორც ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, უცხო ნომრებით ურეკავენ მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს. რამდენიმე პირმა დაწერა, რომ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარებიც.