საია მოუწოდებს საკონსტიტუციოს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობა

პუბლიკა

საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ეხება შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას.

მათ თქმით, აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას.

„2020 წლის 26 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააანონსა 28 ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გარკვეული შეზღუდვების დაწესება. მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის 8 დიდ ქალაქსა (თბილისი, თელავი, ბათუმის, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი) და სათხილამურო კურორტზე (ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი)  ყველა სახის ბაზრობა და სავაჭრო ობიექტი გადადის დისტანციურ მუშაობაზე, შეჩერდება  მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ამასთან, ამჟამად მოქმედი 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყეტილებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე. ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას, ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა ზღუდავს ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, რაც იწვევს აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას.

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია საიას 2 საქმე, რომელიც ზემოთხსენებული უფლებების მთავრობის მიერ შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს ეხება. საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პარლამენტიდან მთავრობაზე დელეგირება. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით, ხოლო კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლების რეგულირება ხდება ორგანული კანონით. როგორც ჩვეულებრივ კანონს, ისე ორგანულ კანონს იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ სარჩელთაგან ერთ-ერთი საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ივნისს, სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან მე-11 დღეს. ხოლო მეორე სარჩელი საოქმო ჩანაწერით არსებითად მიღებულ იქნა 2020 წლის 12 ნოემბერს, სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან დაახლოებით ხუთ თვეში. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს არც ერთი სარჩელი.

საია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკრიტიკებდა შრომის, გადაადგილების თავისუფლების და საკუთრების უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირებას ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავდა. ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ეს პოზიცია და მაინც გადასცა მთავრობას ჭარბი ძალაუფლება…”, – აცხადებს საია.