საია: მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ დემონსტრანტები ისარგებლებენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებით.

ორგანიზაცია ეხმაურება საპროტესტო აქციებს, რომლებიც არჩევნების შესაძლო გაყალბების ფონზე ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორი დღეა, უწყვეტად გამოხატავენ პროტესტს.

მოქალაქეებს ადგილზე ჰქონდათ გაშლილი კარვები, ხოლო გამთენიისას დიდი რაოდენობით მობილიზებულმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია კარვებისგან და სხვა ნივთებისგან გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ მელიქიშვილის გამზირზე, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, ასევე, რამდენიმე მათგანი დააკავა.

საია მიუთითებს, რომ საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის, საგზაო მოძრაობის შეფერხება.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლება გამოიჩინოს ტოლერანტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრება სრულიად მშვიდობიანია.

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს  მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა.
  • შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.
  • შეწყვიტოს/არ დაუშვას დემონსტრანტების უკანონო დაკავება”. – აცხადებს ორგანიზაცია.

მანამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლების პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ კანონმდებლობა მოიცავს შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეგულირებას, რათა „დაცული იყოს სხვა პირთა უფლებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა”.