დღეს, 28 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, უკანონოდ დაპატიმრებული მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
საიას განცხადებით, წარდგენილი სარჩელით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება – კონვენციის მე-5 მუხლი; მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; მე-10 მუხლი – გამოხატვის თავისუფლება; მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მიმართებაში.
საჩივარი გაიგზავნა მე-18 მუხლთან მიმართებითაც, რომელიც უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს გულისხმობს.
გაგზავნილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ ეს უფლებები ფუნდამენტურად დაირღვა მზია ამაღლობელის საქმეში, კერძოდ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. საუბარია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებაზე.
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი ამას არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ გახდება შესაძლებელი.
ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.