საია: მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო პრეცედენტია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ბათუმელების“ დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

საიას შეფასებით, ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა.

„მისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ამ საკითხთან დაკავშირებით საია დამატებით შეფასებას მოგვიანებით გაავრცელებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას – მისი გამოყენება მოხდა ასევე უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი 2024 წლის 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს თვითნებურად, თუმცა, შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საკითხზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია და არ დაუდგენია, ეს ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას. გათავისუფლებიდან მალევე, მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა, ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა დაუსაბუთებელი, შაბლონური, ჰიპოთეტური შუამდგომლობა, რომელიც არ ეფუძნებოდა საქმეზე გამოძიების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს. პროკურორი ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას დაასაბუთოს,  მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეუწონლობა. პროკურატურის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლომ გაიზიარა იყო ის, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებული დააკავეს ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი. პროცესზე უგულებელყოფილი იყო პიროვნული მახასიათებლებიც – ის,რომ მზია ამაღლობელს არასოდეს ჩაუდენია რაიმე სახის გადაცდომა, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული. ამასთან, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ გამოკვეთილია ბრალდებულის დამოკიდებულება პოლიციელების მიმართ, ვინაიდან პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მისი დაკავებით. აღნიშნულ საქმეზე კი სასამართლოს დადგენილება არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მიიმალება ან ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე. სწორედ აღნიშნული გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, მზია ამაღლობელის მხრიდან არ არსებობდა მსგავსი საფრთხეები, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

საია და საქმეში ჩართული სხვა ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრებენ და მოითხოვენ მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას“,  – აცხადებს საია.