საია: მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ 31 იანვარს მათთვის გადაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა.

„ადვოკატების მოთხოვნა, დროულად მიგვეღო ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით დაკმაყოფილდა და მხოლოდ 31 იანვარს გადმოგვეცა სრული სამედიცინო დოკუმენტაცია. გადმოცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ასახავს პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის ჩატარებული სამედიცინო პროცედურების/გამოკვლევების შესახებ არსებულ მონაცემებს.

სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის გათვალისწინებით, საიას ცნობით, დღესვე გაიგზავნა შესაბამისი კორესპონდენცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.

ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს.

„განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა”, – ამბობენ საიაში.


„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 21-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.