ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია.
საიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მრავალმხრივი მოწოდებები. საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ, კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება.
ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით შეიკრიბა მასშტაბური საპოლიციო ძალა, ხოლო დაკავების პროცესში შენობაში შეკრებილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო სპეციალური საშუალება – სავარაუდოდ, წიწაკის გაზი.
საიაში ამბობენ, რომ ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე.
დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე.
„საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება“, – ამბობენ საიაში.
ამოღებული კომპიუტერული ტექნიკა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. საიას შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებად საგამოძიებო მოქმედებას, რომლის დროსაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობა.
საიაში ამბობენ, რომ რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი.
ადმინისტარციული დაკავებები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებული მოვლენების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავა არაერთი ადამიანი, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის პროცესში დაუსაბუთებლად დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალადარღვევათა კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული დაკავების მიზნებსა და საფუძვლებს, აგრეთვე დაკავების წესს. ადმინისტრაციული დაკავების პროცესში სამართალდამცავები უნდა ხელმძღვანელობდნენ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
დაუშვებელია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად, პირთა მათთვის არასასურველი ადგილიდან განსარიდებლად ან/და სხვა ისეთი მიზნით, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და ემყარება მხოლოდ ცალკეულ პოლიციელთა ან მათ ხელმძღვანელ პირთა მიხედულებას“, – აფასებენ ორგანიზაციაში.
საია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
– მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით;
– მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება და მშვიდობიანი პროტესტის.