საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ქართული ოცნების“ მიერ მიმდინარე კვირაში დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილულ კანონპროექტებს ეხმაურება:
„2024 წლის 11 დეკემბერს, პროევროპული პროტესტის მე-14 დღეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, თვითგამოცხადებულ პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიცირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილებები. მათი განხილვა და მიღება ავტორებმა დაჩქარებული ან გამარტივებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენითაც გეგმავს მათ მიღებას.
- ცვლილება სარჩევნო კოდექსში
„ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.
ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა. საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.
ცვლილებების შედეგად 2025 წლიდან ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის თანაფარდობა 3/2-ით (ნაცვლად 4/1-სა), ხოლო თბილისში 1/1 (ნაცვლად 4/1-სა) პროპორციით განისაზღვრება. სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა 15 იქნება, ხოლო მაჟორიტარი წევრები ფარდობითი უმრავლესობის საფუძველზე (ნაცვლად 2/1-სა), საარჩევნო ბარიერისა და შესაბამისად მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობის გარეშე აირჩევიან. ამასთან, გაიზარდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა ბარიერი და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-სა და თბილისში 2.5%-სა).
საერთო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება 2017 წლის რედაქციას, რაც, თავისთავად, უკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს არსებით გაუარესებასთან. ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა.
- ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში
საკანონმდებლო ცვლილებებით სუსტდება საჯარო მოხელეების უფლებების დაცვის მექანიზმები და იზრდებასაჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი.
– კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად მოხელეს შეეძლო თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა. ახალი ცვლილებებით ეს უფლება გაუქმებულია.
– რეორგანიზაციის საფუძვლად ემატება სტრუქტურულ ერთეულში ფუნქციების ცვლილება ან ახალი ფუნქციების დამატება. რეორგანიზაციისას თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1 თვით ადრე აცნობებენ, ხოლო ახალი კადრების შერჩევა კონკურსის გზით ხდება.
– სასამართლო კონტროლი კონკურსის შედეგებზე შესუსტებულია. კერძოდ, სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გათავისუფლებული პირი ვერ აღდგება თანამდებობაზე და იღებს მხოლოდ განაცდურს/სამთვიან კომპენსაციას.
– დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლება, შეცვალოს შეფასებები, რაც პოლიტიზაციის საფრთხეს ზრდის. ცვლილებები ხელს უწყობს საჯარო მოხელეებზე უკვე არსებული წნეხის გაძლიერებას და უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტებას.
- ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში
,,პოლიციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირები პოლიციის რიგებში კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნონ. აღნიშნული დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
– კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს პოლიციის გასამხედროებული დანაყოფების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებას, სადაც სამხედრო წოდების მქონე პირები მსახურობენ. 2025 წლის 1 იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დარჩება, რაც, განმარტების მიხედვით, ითხოვს გარკვეული პოზიციების შევსების სპეციფიური წესების დაწესებას.
– მიუხედავად ამისა, კანონპროექტი არ ზღუდავს ამ ცვლილებას მხოლოდ გასამხედროებულ დანაყოფებზე და მინისტრს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას კონკურსის გარეშე დანიშვნის წესის გავრცელებისთვის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე. ეს ქმნის რისკს, რომ ნორმა გამოყენებული იქნება პოლიციის პოლიტიზებისთვის.
ცვლილებები ვითარდება სახელმწიფოს მიერ საპოლიციო ძალების ძალადობრივი გამოყენების ზრდის ფონზე. ბოლო დროის მოვლენებმა, მათ შორის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციის მიერ გამოყენებულმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკებმა, ახალ მწვერვალს მიაღწია.
აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა, ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებელი კადრებით პოლიციის დაკომპლექტების გასაადვილებლად იყოს გამოყენებული.
- ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები პროტესტის მონაწილეებს ნიღბებისა და გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს. ეს ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ:
– კანონპროექტი ითვალისწინებს ნიღბის ტარების ბლანკეტურ აკრძალვას, რაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არაპროპორციული შეზღუდვაა. კერძოდ, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, ნიღბის ტარება დემონსტრაციაზე შესაძლოა, ასევე, გამოხატვის ფორმად ჩაითვალოს და ბლანკეტური აკრძალვა არღვევს ადამიანის უფლებებს. ნიღბის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ლეგიტიმურ მიზანთან, მაგალითად, ემსახურებოდეს შემდგომი ანგარიშსწორებისაგან თავდაცვას.დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება არ უნდა იყოს აკრძალული, თუ არ არსებობს მყისიერი ძალადობის აშკარა მტკიცებულება. პირს არ უნდა მოსთხოვონ, მოიხსნას ნიღაბი, თუ მისი ქცევა არ ქმნის სავარაუდო დაკავების საფუძველს.
– მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის მიხედვით, ასეთი შეზღუდვა ხშირად გამოიყენება კონკრეტული ჯგუფების მიზანში ამოსაღებად და მათი შეკრების თავისუფლების არასათანადოდ შესაზღუდად. სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, არსებობს ლეგიტიმური და არაკრიმინალური მიზნები, რის გამოც დემონსტრანტები ნიღბებს ატარებენ, მათ შორის, აქციაში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორების შიში.
– მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთანაც. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასმართლომ საქმეზე Ibragimova v. Russia, დაადგინა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) შუქზე, რადგანაც ეროვნულმა ორგანოებმა სოლო დემონსტრაციის მოწყობისას ნიღბის ტარების გამო პირს ბლანკეტურად დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე.
შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ორგანიზებული ძალადობით ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას. ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად მიმართავს ადამიანის უფლებების ისეთ მძიმე დარღვევებს, როგორიცაა წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. აქციის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორების, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ მათზე შეტევის, სამართალდამცავების მხრიდან უსაფუძვლო დაკავების, მათ შორის, სახლებიდან და ოფისებიდან მათი უკანონო გადაყვანის და საჯარო სამსახურებში არსებული ზეწოლის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აქციაზე ყოფნის დროს საკუთარი იდენტობის დაფარვას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ უკანონო, რეპრესიული ანგარიშსწორება. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები არის მშვიდობიანი, ხოლო ის კრიმინალური, ნიღბიანი დაჯგუფებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ „კონტრაქციის მონაწილეებად“ მოიხსენია, სავარაუდოდ, სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებიც სახელმწიფოს თანხმობით/ხელშეწყობით მოქმედებენ, რაზეც მიუთითებს მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციის უმოქმედობაც.
აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სტანდარტის საწინააღმდეგოდ, არ უზრუნველყოფს სპეციალური რაზმის წევრების მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვას, რაც მათ დაუსჯელობას იწვევს და ძალადობას ახალისებს.
აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ ხელისუფლება დაანონსებული შეზღუდვით ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო მოწყვლადი გახადოს ტერორის მიმართ, რომლის დამყარებასაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ცდილობს.
გარდა სახის დაფარვისა, შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას.“ მიმდინარე აქციების პარალელურად შსს რუტინულად ატარებს უკანონო ჩხრეკებს და ადამიანებს, მათ შორის, ისეთ ლეგალურ ნივთებს ართმევს, როგორიცაა აირწინაღი და ნიღაბი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ შეზღუდვას შსს უკანონო ჩხრეკების გასამართლებლად გამოიყენებს და არაპროპორციულად გამოიყენებს, მათ შორის, ისეთი ლაზერული ან მანათობელი ნივთების მფლობელთა წინააღმდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ აღნიშნული ხელსაწყოებით რეალურად შეაფერხონ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობა ან მათი ტექნიკის ფუნქციონირება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია 2000 ლარი იქნება.
- ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიცია, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ახალი რეგულაციები ითვალისწინებს:
- სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის გაზრდას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას;
- ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმის 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზრდას და განმეორებით დარღვევისთვის 2000 ლარს;
- შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის ზრდას 500 ლარიდან 5000 ლარამდე და ორგანიზატორებისთვის 15,000 ლარის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას;
- შსს-ის უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2000-ლარიან ჯარიმას და ატრიბუტიკის კონფისკაციას.
მ მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). აღსანიშნავია, რომ პოლიცია, როგორც წესი, სწორედ 173-ე მუხლს იყენებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დაკავებისას.
- ცვლილებები ასევე აფართოებს იმ საფუძვლებს, რომელთა გამო შესაძლებელია პირის დაკავება, ნივთების ან დოკუმენტების ჩამორთმევა.
აშკარაა, რომ შეკრებებთან, მანიფესტაციებთან და საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ ქმედებებზე სანქციების არაპროპორციული ზრდით ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება, ხოლო სასამართლო არ ასრულებს საკუთარ ფუნქცია და პოლიციის მიერ წარმოდგენილ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, როგორც წესი, უაპელაციოდ სარწმუნოდ მიიჩნევს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ სანქციებს სახელმწიფო არა მართლწესრიგის დასაცავად, არამედ გამოხატვის და შეკრების უფლებების წინააღმდეგ გამოიყენებს.
- ცვლილებები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფო დაცვის გაგრძელება და შენარჩუნება დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის დარღვევის დადგენასთან. ეს ცვლილება ნათლად აჩვენებს კანონის ნორმების პერსონიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნორმის ადრესატი პრეზიდენტთან ერთად სხვა პირებიც არიან. იმის ფონზე რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუდგინა 48-ე მუხლის დარღვევა, ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი ხმების მობილიზება, მისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად, ეს სადამსჯელო მექანიზმად აღიქმება და ზღუდავს ინსტიტუტს.“