საია: ოკმელაშვილის საქმის განხილვას ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები აჭიანურებენ

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვას ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები აჭიანურებენ.

ორგანიზაციის განმარტებით, საქმეზე მხოლოდ 1 მოწმე დაიკითხა და სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდაა ცნობილი, საქმე დასასრულ ფაზაშია და მხოლოდ დასკვნითი სიტყვებია დარჩენილი, დაცვის მხარე კი უთითებს, რომ საკუთარი პოზიციის  ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 5-10 წუთი დასჭირდება.  ამ პირობებში კი სასამართლომ 3 ოქტომბრის შემდგომ საქმის განხილვა ვერ დაასრულა.

„2024 წლის 15 ოქტომბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის მიზეზით გადაიდო ისე, რომ შემდგომი სხდომის კონკრეტული თარიღი არც განსაზღვრულა. ამის შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე წერილით მიმართა9  სხდომის დროულად ჩანიშვნისა  და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის თხოვნა უგულებელყო და პრაქტიკულად ორი თვის შემდგომ  – 12 დეკემბერს ჩანიშნა სხდომა, რაც  პატიმრობის გადასინჯვისთვის დადგენილი მაქსიმალური ორთვიანი ვადაა.

დღევანელ, 12 დეკემბრის, სასამართლო პროცესზე სისხლის სამართლის საქმეზე  ახალი პროკურორი – როინ ხინთიბიძე გამოცხადდა და მან სხდომის გადადება იშუამდგომლა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებს არ იცნობდა. დაცვის მხარე შემდგომი დღისთვის ან უახლოეს პერიოდში სხდომის გადანიშვნას ითხოვდა, თუმცა  მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სხდომა გადადო და შემდგომი სხდომის თარიღად 2025 წლის 10 იანვარი განსაზღვრა.

ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი გელაშვილი, ხელოვნურად აჭიანურებენ საქმის განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი ოკმელაშვილის შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამისლების ფარგლებში ვერ მოასწროს.

საქართველოს პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის  მოტივებისგან, რაც შემაშფოთებელია და ძირს უთხრის პროკურატურის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, საქმიანობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინა პერიოდშიც აღნიშნავდა, აპრილი-მაისის აქციების დროს დაკავებულ პირთა საქმეების განხილვის გაჭიანურების თაობაზე, მათ შორის საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის, გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმეებთან მიმართებით. სხდომების დიდი ინტერვალით გადადების  თაობაზე, დაცვის მხარის წარმომადგენლები სასამართლო სხდომებზე მუდმივად  გამოხატავდნენ უკმაყოფილებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.