საია: პარლამენტის მიერ ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს.

საია განმარტავს, რომ, კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, დადგენილების პროექტში, ასახავს არჩეული დეპუტატების სახელებს უფლებამოსილების ცნობის მიზნით. დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის (100 წევრი) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. თუ დადგინდა, რომ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – წერია განცხადებაში.

საია მოუწოდებს პარლამენტს, „დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, შეწყვიტოს სხდომა და არ ცნოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე“.

დღეს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის მიუხედავად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს XI მოწვევის პარლამენტი იკრიბება. მოქალაქეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება.