საია პარლამენტს რეგლამენტის რეფორმისა და საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის როლის გაზრდისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს მოსაზრებები წარუდგინა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საია დადებითად აფასებს პარლამენტის სპიკერატში წევრთა 4-მდე შემცირებას. თუმცა, მოუწოდებს პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარის 1-ლი და მე-3 მოადგილეების თანამდებობები ოპოზიციისთვის დაბევებულ თანამდებობად განსაზღვროს.

„ცვლილებებით უქმდება უმცირესობის ცნება და მას „ოპოზიცია“ ანაცვლებს. აგრეთვე, უქმდება უმრავლესობა, როგორც სუბიექტი, და მისი ლიდერი თანამდებობის პირი აღარ იქნება. ეს ცვლილება მისასალმებელია. თუმცა, რეკომენდირებულია უმრავლესობის ლიდერის სტატუსიც გაუქმდეს და მისი ფუნქციები უმრავლესობაში შემავალი უდიდესი ფრაქციის თავმჯდომარემ იტვირთოს.

ცვლილებები ეხება კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების მქონე სუბიექტთა წრეს, თუმცა, უცვლელი რჩება მისი არჩევის წესი. საია მიიჩნევს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები პარტიებმა პარლამენტში საკუთარი წილის პროპორციულად უნდა დაიკავონ.

პროექტით უცვლელი რჩება კომიტეტის თავმჯდომარეთა მოადგილეების რაოდენობა. საიას შეთავაზებაა მათი რიცხვი ერთამდე შემცირდეს. ამავდროულად თუ კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის წარმომადგენლი იქნება მისი მოადგილის თანამდებობა ოპოზიციის წევრმა უნდა დაიკავოს და პირიქით.

კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლება დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების წესი, ინტერპელაცია და კომიტეტის სხდომაზე პირის დაბარება. ამის საპირისპიროდ საია-მ პარლამენტს სთავაზობს კომპლექსური ცვლილებებს, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს როგორც საკომიტეტო, ისე პარლამენტის პლენარული სხდომის საზედამხედველო ფუნქციებს.

დოკუმენტი მომზადებულია 2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო, აგრეთვე 2020 წლის საგაზაფხულო სესიებზე გამოვლენილი ხარვეზების ანალიზის შედეგად და მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიც არის: სამთავრობო საათისა და ad hoc მომხსენებლის ინსტიტუტის შემოღება; საკომიტეტო სისტემის რეფორმა; საკომიტეტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება; თემატური მომხსენებლის, სამუშაო ჯგუფის, თემატური მოკვლევის ჯგუფის, ნდობის ჯგუფის, ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ანგარიშების, დროებითი და დროებითი საგამოძიებო კომისიების ინსტიტუტების სრულყოფა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რეგლამენტთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დეპუტატებმა დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და 84 მომხრით არცერთი წინააღმდეგით მიიღეს.

განხილვის დროს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ რეგლამენტის ეს პროექტი არ არის დემოკრატიული.

„არ შეიძლება საუბარი, რომ ფრაქცია უფრო პრივილეგირებული უნდა იყოს, ვიდრე დამოუკიდებელი დეპუტატი და ამიტომ ნაკლებად უნდა ისმოდეს მისი ხმა. ფრაქციას ისედაც ბევრი პრივილეგია აქვს და იმ ერთი დეპუტატის ხმა, რომელიც მათ შორის შეიძლება იყოს მაჟორიტარი დეპუტატი და წარმოადგენდეს რამდენიმე ასეულ ათას ამომრჩეველს, მას არ შეიძლება უთხრა, რომ 5 წუთის ნაცვლად 3 წუთი ილაპარაკე, ან დღეს რომ უფლება გაქვს, ხვალ არ გექნება და ა. შ.”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა კი განაცხადა, რომ პროპორციული სისტემით 150 პარლამენტარი აირჩევა და როდესაც განისაზღვრა ის, რომ 7 წევრია საჭირო ფრაქციის შესაქმნელად, ეს გულისხმობს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პარტია პარლამენტში სულ ცოტა 7 წევრს შეიყვანდა.

„სწორედ აქედან განისაზღვრა ის, რომ ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა 7 პარლამენტის წევრის გაერთიანება. იმავდროულად, კონსტიტუციაში არ წერია ის, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს შეეძლოთ ერთი ფრაქციის შექმნა, იმიტომ, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელი იქნებოდა იმ დათქმებიდან გამომდინარე, რაზეც მე ვისაუბრე,“ – განაცხადა კახიანმა.