„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას.
საია მიიჩნევს, რომ ინიციირებული კანონპროექტის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ბოლოდროინდელი რიტორიკისა და პროპაგანდის გაძლიერება, ჯანსაღი ოპოზიციის გრძელვადიანად განადგურება და ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა.
„ცვლილებები ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს და არაპროპორციულად ზღუდავს არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალში ახლად დაფუძნებული პარტიების საქმიანობას. გარდა ამისა, ბუნდოვანი საკანონმდებლო კრიტერიუმებისა და პოლიტიკური გავლენების მქონე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეუზღუდავი ინტერპრეტაციის საშუალებით, ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ მოცემულობაში გამოიწვევს ოპოზიციური პარტიების დასუსტებას, მომავალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საბოლოოდ, გაუქმებას“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
საია წერს, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის უკიდურესი ღონისძიება და იგი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გამოიყენონ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარტიის აკრძალვისთვის დემოკრატიულ სახელმწიფოებში საკმაოდ მაღალი სტანდარტები უნდა მოქმედებდეს, მათ შორის, საკითხს წყვეტდეს მიუკერძოებელი სასამართლო შესაბამისი დასაბუთებით, პროცესი კი პოლიტიკისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს.
„აშკარაა, რომ პარტიების გაუქმების ინიციატივა ემსახურება პოლიტიკური ველის გასუფთავებას, ოპონენტების ჩამოშორებასა და ანტიდემოკრატიული პროპაგანდის გაძლიერებას. იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ფაქტობრივად ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, მოსალოდნელია, რომ იგი მარტივად, ყოველგვარი აუცილებელი სამართლებრივი დასაბუთების, ფაქტობრივი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გაერთიანების თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარეშე მოახერხებს პარტიათა საქმიანობის აკრძალვას და პოლიტიკური სპექტრის განადგურებას. ე.წ. „მემკვიდრე პარტიების“ საქმიანობის აკრძალვა და მისი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა სამომავლოდ გამოიწვევს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შეუზღუდავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობითა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაყრდნობით, უფლებამოსილი იქნება „მემკვიდრე პარტიის“ ქოლგის ქვეშ საქმიანობა აუკრძალოს ისეთ ახალ პარტიას, რომელიც, მართალია ამ ცნების ქვეშ არ ექცევა, თუმცა მმართველი პარტიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია. მათ შორის, ინტერპრეტაციის რისკი არსებობს „მემკვიდრე პარტიის“ კრიტერიუმების განსაზღვრისას, თუ ვის მიიჩნევს და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალული პარტიის მემკვიდრედ. კანონი პირდაპირ ახსენებს პარტიის „პერსონალურ შემადგენლობას“, რაც არა მხოლოდ პარტიის, არამედ, ასევე, კონკრეტული პირების დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს“, – აცხადებს საია.
გარდა ამისა, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საეჭვოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის სრულყოფილი და სამართლიანი პროცესის წარმართვა საარჩევნო პერიოდში, როდესაც მას საამისოდ მხოლოდ 14 დღე ექნება.