საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად მოქმედებდა, რაც ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას გულისხმობს.
„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობების წარმოებასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან, უნდა განახორციელონ იმ სულისკვეთებით, რომელიც სპეციალურ ნორმაში – 78-ე მუხლშია ასახული. სხვა სიტყვებით, უფლებამოსილებები, რომელიც ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველა გაგებით, მათ უნდა გამოიყენონ შინაარსობრივი კომპეტენციის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე გასათვალისწინებელია საგარეო პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს პოზიციის „ერთ ხმაში გაჟღერების“ საჭიროება.
აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება“, – წერია განცხადებაში.
საიაში ამბობენ, რომ პარლამენტს არ აქვს ვალდებულება პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს.
„პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს. იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ელემენტების მქონე პროცესს წარმოადგენს. სამართლებრივი მხარე იკვეთება მისი დაწყების საფუძვლებში და სასამართლოს მიერ მათ დადასტურებაში, ხოლო პოლიტიკური კი – საპარლამენტო ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში (დასკვნის მიღებიდან 2 კვირაში) პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია. შესაბამისად, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა. ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია.
იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, პრეზიდენტის ეს ვიზიტები არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა, თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი შეფასება სრულად იხილეთ ბმულზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადა.
მერაბ ტურავას თქმით, განსხვავებული აზრი ჰქონდათ: გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშს.
დასკვნა ევა გოცირიძემ მოამზადა.
მანამდე, 13 ოქტომბერს „ქართული ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იმპიჩმენტზე უარი „კითხვებს გააჩენდა”, ვინაიდან „კონსტიტუციის დარღვევა ხელის გულზე დევს”.
„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.
„ქართული ოცნების” წარდგინების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტმა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს.
კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
6 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოქმედი პარლამენტის პირობებში მოხდება და მას 300 ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს.