„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) პროტესტის შემზღუდველ მორიგ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ შეკრების თავისუფლებაზე „არაკონსტიტუციურ შეტევას ახალი საკანონმდებლო ინიციატივით განაგრძობს“.
ორგანიზაციის შეფასებით, „ოცნების“ მიერ ინიციირებული ახალი ცვლილებები, ისევე, როგორც 2024-2025 წლებში განხორციელებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით, „სცდება საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით უფლების შეზღუდვის საფუძვლებს და წარმოადგენს არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას, არამედ შეკრების თავისუფლების ეფექტიანი კრიმინალიზებისთვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“.
„ქართული ოცნება” ცდილობს საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებების შესახებ საერთაშორის პაქტთან შეუსაბამო ნებართვის ინსტიტუტი დააფუძნოს. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ ნებართვას უკვე დაუქვემდებარა დახურულ საჯარო სივრცეში შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება.
ახალი ცვლილებები, ფაქტობრივად, არ ტოვებს სივრცეს, რომელშიც შეკრება de facto თანხმობას არ ექვემდებარება და ართმევს ადამიანებს შესაძლებლობას, თავად აირჩიონ შეკრების ადგილი. ამასთან, ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრი ცხოვრების ჩვეული რიტმის ბევრად ნაკლები ხარისხით შეზღუდვას შესაძლოა იწვევდეს, მიუთითებს, რომ შეზღუდვის მიზანი არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნაა“, – აღნიშნავს საია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ინიციირებული ცვლილებები არის „გაგრძელება ავტორიტარული კანონშემოქმედების ტენდენციისა“, რომლის ფარგლებშიც 2024-2025 წლებში შეკრების და მანიფესტაციების მომწესრიგებელ ნორმებში შევიდა არაერთი ცვლილება, გაიზარდა სანქციები, გაჩნდა ახალი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების საფუძვლები.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ გზით „ქართული ოცნება“ შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს.
„ხალხის სავალი ადგილი” – „ქართული ოცნების“ პარლამენტი აქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას კიდევ ამკაცრებს და საფეხმავლო გზის ხელოვნურად გადაკეტვას სამართალდარღვევად აცხადებს.
პარლამენტში ინიციირებულია ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც:
– თუ აქცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს – აუცილებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება.
– გაფრთხილება აქციის ორგანიზებისა და ჩატარებაზე საპატრულო პოლიციაში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული აქციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
– „ხალხის სავალი გზის“ „ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე.
– თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგბელობა დაეკისრება. სასჯელის სახედ კი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.