საია: საჩივარი რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს 22 ოქტომბერს ჩაბარდა

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნილა.

ამ განცხადებით საია სამთავრობო მედიასაშუალებებს ეხმაურება. დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ სააგენტო „პრაიმ ტაიმზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო და მედიაროგანიზაციების საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ შესულა.

ამაზე საუბრობს რამდენიმე კვირაა მმართველი გუნდიც. შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ბრიფინგზე ახსენა, რომ სტრასბურგში საჩივარი არ შესულა და ის ინტერესდებოდა, რატომ სჭირდება ამას ამდენი დრო.

„ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ. გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. პოსტს თან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს“, – აცხადებს საია და ტექსტს თან ურთავს ფოსტის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გზავნილი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მისაღებს ჩაბარდა, 27.9 კილოგრამი იყო.


17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაიგზავნა.

მანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო.

არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.