საია: სამართალდამცავთა უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ „ტიტუშკებთან“ ერთად მოქმედებენ

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტს – საიაში აღნიშნავენ, რომ პოლიციელების გულგრილობა აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ. „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ.

„იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველები შემთხვევასთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე. სამართალდამცავთა უმოქმედობა, არა მარტო, პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობაა, არამედ, აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი.

აღნიშნულის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. „ტიტუშკების რეიდებს“ ადგილი ჰქონდათ, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზეც”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“ „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ცისფერ გალერეასთან მოხდა, როცა მინდია გაბაძე საპროტესტო აქციას აშუქებდა. ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელებს ეცვათ შავები და სახე დაფარული ჰქონდათ.

მათ მინდა გაბაძეს ურტყეს მუშტები და წიხლები. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, თავდამსხმელების რაოდენობა, მინიმუმ, ორი იყო. პოლიციას, რომელიც იქვე იყო, მოძალადის დაკავება არ უცდია. ისინი მანქანიდან არც კი გადმოსულან.

მინდია გაბაძეს აქვს ძლიერი თავის ტკივილი და დაზიანებები სახის არეში.