საია: საქმეზე ყველა ადგილობრივი ეტაპი დასრულდა, თუმცა ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ ნივთების უმეტესობას

პუბლიკა

გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე დასრულდა ადგილობრივ დონეზე სამართალწარმოების ყველა ეტაპი, თუმცა, მას ამ დრომდე არ უბრუნებენ ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს, – ამის შესახებ აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებაში.

ორგანიზაცია უთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესებზე დაკვირვების და სამართალწარმოების პროცესში არაერთ შემთხვევაში გამოიკვეთა გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული ნივთების საგამოძიებო ორგანოს მიერ დაბრუნების ვადებთან დაკავშირებული პრობლემები. ამგვარი გამოწვევა გამოვლინდა გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმეშიც.

„გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე 2025 წლის 13 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განაჩენით დასრულდა ადგილობრივ დონეზე სამართალწარმოების ყველა ეტაპი. თუმცა, მას ამ დრომდე არ უბრუნებენ ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს. ადვოკატის განმარტებით, კომპიუტერულ ტექნიკას, რომელიც ამოღებულია შპს „ლიმონიდან“ აქვს დიდი საბაზრო ღირებულება, ხოლო მისი გამოუყენებლობა, დაყოვნება, მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიასა და მის მესაკუთრეს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ტექნიკის ამოღების შედეგად გაჩერდა ერთ-ერთი წარმატებული ქართული ვიდეო-საწარმო, რომელიც ოპერირებდა საქართველოს ფარგლებს მიღმაც…

საყურადღებოა, რომ გიორგი ოკმელაშვილს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას და „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავებოდა, წარდგენილი ბრალი კი იმთავითვე აჩენდა ეჭვებს ამოღებული ნივთების განსახილველ საქმესთან შემხებლობასთან დაკავშირებით. გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა საკასაციო სასამართლოს განაჩენამდეც და მას შემდეგაც, არაერთხელ მიმართა საქართველოს პროკურატურას ამოღებული ნივთების დაბრუნების თხოვნით. თუმცა, არათუ დასაბუთებული, საქართველოს პროკურატურისთვის არაერთ სხვა საქმეში დამახასიათებელი, შაბლონური პასუხიც კი არ მიუღია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხდება ამ დრომდე ნივთების დაბრუნება და რა ვადით შეიძლება მოხდეს აღნიშნული ნივთების დაყოვნება. ეს ხდება იმ ვითარებაში, როცა უკვე გასულია ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო ყველა გონივრული ვადა და საქმეზე მიღებულია საბოლოო ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

საყურადღებოა, რომ ადვოკატმა შესთავაზა2 პროკურატურას, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ნივთებზე დანიშნული ექსპერტიზა ობიექტურად ჭიანურდება, ამოღებული ტექნიკის შემადგენელი ის ნაწილები მაინც დაებრუნებინათ, რომლებზეც არ ხდება ინფორმაციის ჩაწერა, დამახსოვრება და ფიქსაცია. ასე, მაგალითად: ოპერატიული მეხსიერების ბარათები და სხვა, რაც არ ინახავს კომპიუტერულ ინფორმაციას და უსარგებლოა საექსპერტო კვლევისთვის. თუმცა აღნიშნული წერილიც პროკურატურის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. ამასთან, ადვოკატი ყველა ჯერზე უთითებდა იმ მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანზე, რაც გიორგი ოკმელაშვილის კომპანიას და ოჯახს ადგება ამოღებული ნივთების დაყოვნების შედეგად.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ამოღებულ ნივთებზე საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა 2024 წლის 16 მაისს. ისე დასრულდა სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა, რომ ამ დრომდე დაცვის მხარეს არ აქვს ინფორმაცია ექსპერტიზის დასრულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დანიშნული იყო განსახილველი საქმის ფარგლებში და საკასაციო ეტაპზე გასული იყო ექსპერტიზის პასუხისთვის ყველა გონივრული ვადა, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ განსაზღვრა ნივთმტკიცებების მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი, და აღნიშნული მიიჩნია იმ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხად, რომელსაც გამოეყო გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ ადვოკატს ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით არც ერთ ჯერზე არ მიუღია დასაბუთებული პასუხი, გვაფიქრებინებს, რომ ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, რატომ აქვს თითქმის ორი წლის განმავლობაში დაყოვნებული თუნდაც ის ნივთები, რომლებიც არ სჭირდებოდა და სჭირდება საექსპერტო კვლევისთვის. მით უფრო, ისეთი ნივთები, რომლებიც საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების შინაარსის მატარებელიც კი არ ყოფილა.

ბრულზე იხილეთ განცხადება სრულად;