საია სენაკში ცესკო-ს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას მოითხოვს

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სენაკში ცესკო-ს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას მოითხოვს.

როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 აგვისტოს, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და გაასაჩივრეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის №64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკო-ს განკარგულების ბათილობას მოითხოვს. საის-ს ცნობით, სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკო-მ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2022 წლის 31 მაისიდან ვადაზე ადრე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე ექვს თვეზე მეტია, არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.