საია: შიმშილობის 48-ე დღეს თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამბობს, რომ შიმშილობის 48-ე დღეს ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უცნობია, თემურ ქათამაძე კლინიკაში დარჩება თუ არა.

„როგორც თემურ ქათამაძე თავად აღნიშნავს, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა“, – წერს ორგანიზაცია.

საიას ცნობით, ქათამაძეს ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.

„ამ დროს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია“, – წერს საია.

თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე 18 მარტს იმსჯელებს. საიას ცნობით, თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.