ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა.
საიას განმარტებით, აღნიშნული საჩივარი შეეხება 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას.
„2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და დაეხა ქურთუკი. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა.“
საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და ამასთან კავშირში ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულება; დისკრიმინაციის აკრძალვა; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება. აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 4 მარტს გაიგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა.
საიას ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში საიას გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე: პირველი საქმე (no. 13661/25) ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, ხოლო მეორე საქმის საჩივარი (no. 36304/25), რომელიც უკავშირდება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს, ასევე, დარეგისტრირებულია.
6 მარტს, უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმე განხილვაში არ მიიღო.
გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, შემდეგი შემადგენლობით: ლევან თევზაძე; მერაბ გაბინაშვილი; მამუკა ვასაძე. მზია ამაღლობელის
ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასებით, წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ უზენაესი სასამართლოს დასაბუთება სამართლებრივად მდარეა და მასზე ხელმოწერა მოსამართლეებისთვის ტვირთია.
ადვოკატის თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი (მეოთხე) სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უზენაესის გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე, გაიგზავნება სტრასბურგში.