„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 8 სექტემბრის მოვლენები დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
ორგანიზაცია გამოეხმაურა კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირებას, როცა „ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებს, ისინი არაერთ მოქალაქეს გაუსწორდნენ ფიზიკურად, იძალადეს ჟურნალისტებზეც.
„არაერთ ვიდეოში ასევე ნათლად ჩანს, როგორ ესხმიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ისე, რომ სახეზეა არა ორმხრივი შეტაკება ან აუცილებელი მოგერიება, არამედ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა“, – წერს ორგანიზაცია.
საია ხაზს უსვამს, რომ ძალადობის სამიზნე გახდნენ ჟურნალისტებიც:
„მათ შორისაა ლასლო მესეში, რომელსაც ტელეფონი წაართვეს და სცემეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად არ მივიდა. დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ტექნიკის გატაცების/დაზიანების ფაქტები. მათ შორის, ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს „პუბლიკის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ტელეფონის წართმევა, ასევე „პუბლიკას“ ჟურნალისტის, ქეთო მიქაძისთვის, ტელეფონის წართმევა და მასზე შემდგომი ფიზიკური ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე მარტივად იდენტიფიცირებადია, თავდამსხმელი პოლიციას არ დაუკავებია. „პუბლიკის“ ინფორმაციით, მათ ინციდენტის შემდეგ რამდენჯერმე დარეკეს საპატრულო პოლიციაში, თუმცა არც ადგილზე მყოფ პოლიციას ჰქონია რეაგირება და არც „პუბლიკის“ მიერ გამოძახებული პოლიცია არ გამოცხადებულა დანაშაულის ადგილზე“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით, სამართალდამცველებს კი ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონიათ.
„მიუხედავად იმისა, რომ დემონსრტანტებზე, მათ შორის ქალებზე და ჟურნალისტებზე, ძალადობრივი, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით, პოლიციას ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია. სამართალდამცველებმა არ მიიღეს საჭირო ზომები ძალადობრივი ქმედებების შეჩერებისა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად. პოლიციას ადგილზე არ დაუკავებია არც ერთი მოძალადე, იმის მიუხედავად, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული კადრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პოლიციას შეეძლო, აღეკვეთა ძალადობა; ცხელ კვალზე დაეკავებინა მოძალადე პირები. პოლიციას არ დაუკავებია მოძალადეები, იმის მიუხედავად, როგორც კადრებში ნათლად ჩანს, მათ მიერ ნასროლი ნივთები, მათ შორის ზოგიერთი პოლიციელებს ხვდება. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს პოლიციელი კეტით შეიარაღებულ მოძალადეს ხელკეტს, რომლითაც იგი მანამდე დემონსტრანტს სცემდა. მოძალადე მას ეუბნება რომ „მისიანია“ და პოლიციელი პასუხობს, რომ ხელკეტს „მანქანაში ჩადებს“.
საგანგაშოა, რომ კადრებში ჩანს, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების და მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვის ნაცვლად, პოლიცია თავად მონაწილეობდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში და აგინებს მას“, – აცხადებს საია.
საია ამბობს, რომ „ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებმა საკუთარი განცხადებებით ფაქტობრივად დაადასტურეს მათი მხარდაჭერა მოძალადეებს მიმართ.
„დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებასაც მიზნად ისახავს დემონსტრაცია, თუმცა, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმის შიშის გარეშე, რომ ოპონენტები მათზე ფიზიკურად იძალადებენ. საპროტესტო აქციის დროს, სახელისუფლებო ძალაუფლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს მათი მშვიდობიანი ჩატარება და მოქალაქეების უსაფრთხოება. მათ შორის, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ეფექტიანად დაიცვას ადამიანები მესამე პირების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებებისაგან და გადადგას გონივრული ნაბიჯები მესამე პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, როდესაც სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი მოპყრობის შესახებ.
8 სექტემბრის მოვლენები დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას. 8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან”, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან“, – აცხადებს საია.