„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების შეჩერებას მოითხოვს და ამ მიზნით სასამართლოს მიმართავს.
თემურ ქათამაძეს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომ უარი 29 აპრილს უთხრა. სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცა საშუალება შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს, დაიწყოს ქათამაძის გაძევების პროცედურები.
საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ თემურ ქათამაძეს გაძევებისთვის 10-დღიანი ვადა მიეცა.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ თემურ ქათამაძის სახელით და ვითხოვთ ამ პროცედურების შეჩერებას, ვინაიდან დაუშვებელია, ადამიანი გააძევონ იმ ქვეყნიდან, რომელიც არის მისი სამშობლო. თემურ ქათამაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა სამათლებრივი გზით ცდილობს, რომ ამ ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ მას ამის საშუალებას არ აძლევენ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია მიმდინარე პროტესტთან და თემურ ქათამაძის აქტიურ როლთან ამ პროცესში”. – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თემურ ქათამაძის დაკავებისა და მისი საქმის სასამართლო განხილვების პროცესში ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ამის ერთ-ერთ მაგალითად ქურდოვანიძე ასახელებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოში არ დაკმაყოფილდა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა.
„ის მოსამართლე, რომელმაც საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, იყო ის მოსამართლე, რომელსაც მანამდე განხილული ჰქონდა თემურ ქათამაძის, მოქალაქეობასთან დაკავშირებული დავა და მისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ჰქონდა ნათქვამი. წინასწარ იგრძნობოდა, რომ ის ამ საჩივარს არ დააკმაყოფილებდა და არსებობდა საფუძველი, რომ მას არ განეხილა ეს საქმე, თუმცა, არც აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საერთოდაც, ამ საქმის განხილვის პროცედურები ძალიან სწრაფად წარიმართა და ეს თავიდანვე აჩენდა ეჭვს, რომ ეს ხდებოდა იმისთვის, რომ სწრაფად მომხდარიყო თემურ ქათამაძის დავების დასრულება, რომ შემდგომ დაეწყოთ მისი გაძევების პროცედურები”. – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი 18 მარტს უთხრა. მანამდე, იანვარში ქათამაძეს სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე წლების განმავლობაში მოითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა უშედეგოდ.
თემურ ქათამაძემ წერილში, რომელიც ციხიდან 16 აპრილს გაავრცელა, მიუთითა, რომ 2023 წლიდან თურქეთში მისი დაკავების ორდერია გაცემული. ამიტომ, გაძევების შემთხვევაში მას დააკავებენ.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.
შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
მეორედ დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა. 1 აპრილს პატიმრობაში მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა. 5 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ შიმშილობა შეწყვიტა.