საია: თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე ინფორმაციას შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებები ინფორმაციას არ აწვდიან – ბათუმელი მედროშე უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმაც ვერ მიიღო სამედიცინო დოკუმენტები დროულად.

დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რადგან ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მათ ინფორმაცია იმის შესახებ, რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.


ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 26-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს.

ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ ქათამაძეს 15 კილოგრამი აქვს დაკლებული და უჭირს გადაადგილება. 7 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის საჩივარი, შესაბამისად, მისი პატიმრობა ძალაში დარჩა.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხოლო როცა იზოლატორი დატოვა – 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.

თემურ ქათამაძე კი ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება „ალბათ საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას”. ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.