საია უნივერსიტეტებს მოუწოდებს, უზრუნველყონ სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს მოუწოდებს, უზრუნველყონ სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა.

საია გამოეხმურა საქართველოს რამდენიმე ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს, მათ შორის, თბილისში, თსუ-სთან განვითარებულ მოვლენებს, როცა პოლიციამ სტუდენტები შენობაში არ შეუშვა და განაცხადა, რომ „მშვიდობიანი შეკრების უფლების განუხრელი დაცვა და სტუდენტთა უსაფრთხოება ნებისმიერი ჩარევის ან დაშინებისგან ვალდებულებაა, რომელიც გათვალისწინებულია არა მხოლოდ, საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სტანდარტების (ECHR, ICCPR) მიხედვით”.

„უნივერსიტეტი, როგორც კრიტიკული აზროვნების ცენტრი, არ უნდა იყოს იზოლირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ვალდებულებისგან. ამავე დროს, საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მიუკერძოებლად, კონსტიტუციური სტანდარტით, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.

შეკრების თავისუფლების დაცვა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ იგი არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური საყრდენი. ნებისმიერი მცდელობა ამ უფლებების შეზღუდვის ან ჩახშობის, საბოლოოდ უთხრის ძირს სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობას, ხოლო, უნივერსიტეტის ღირებულებათა სისტემას ეჭვქვეშ აყენებს.

ამ დრომდე ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ისეთი პრაქტიკის შესახებ, რაც, მათი ინდივიდუალური თუ კუმულაციური ეფექტით, მიუთითებს უნივერსიტეტების ადმინისტრაციისა თუ პოლიციის მიერ შეკრების თავისუფლების მზარდი შეზღუდვის ტენდენციაზე. კერძოდ, ასეთია, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტების მიმართ გათბობის გათიშვის პრაქტიკა, ფანჯრებისთვის სახელურების მოხსნა, რათა უნივერსიტეტში მყოფმა სტუდენტებმა დაკარგონ გარე სამყაროსთან კავშირი, პოლიციის მიერ ძალისმიერი ინციდენტები სტუდენტების მიმართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა”. – განაცხადა საიამ.

ორგანიზაციამ ასევე მიუთითა, რომ ყურადღებით დააკვირდება შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფას და საზოგადოებას მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.